ღრმად გვჯერა, რომ ეს დღე იქნება ქვეყანაში ძალიან ბევრი სასიკეთო ცვლილების დასაწყისი,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ლელოს“ ღრმად გვჯერა, რომ ეს დღე იქნება ქვეყანაში ძალიან ბევრი სასიკეთო ცვლილების დასაწყისი. ჩვენი საარჩევნო კამპანია დასრულდა, ახლა უკვე სიტყვა უნდა თქვას ქართველმა ხალხმა, ამომრჩევლებმა და დარწმუნებული ვართ, ეს იქნება ძალიან მყარი სიტყვა, გადაწყვეტილება ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. დღის განმავლობაში „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია გვექნება და შევეცდებით ჩვენი დაკვირვებების შესახებ მოგახსენოთ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.
მინდა, რომ ყველას და პირველ რიგში ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც კონსტიტუციით იმართება და კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი და არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები პოლიტიკურ პროცესში თავისუფლების და თანასწორობის პრინციპებით მონაწილეობენ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.











