დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი გაიმართა. შეხვედრაზე ოპოზიციამ წამოაყენა ოთხპუნქტიანი მოთხოვნა, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში, პოლიტიკოსები პარლამენტში შესვლის პირობას დებენ. არის თუ არა აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, კომპრომისებზე წამსვლელი მმართველი პარტია და რა შემთხვევაში? – ამ საკითხის შესახებ „პრაიმტაიმნიუსთან“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი საუბრობს
გია ვოლსკი: ამ ოთხპუნქტიანი წინადადების გამოაშკარავება არასწორია, ეს შეუსაბამოა იმ პირობებთან, რაც შუამავლებმა დაგვიყენეს. შეთანხმება არსებობს, რომ ამ საკითხზე კომენტარები არ გაკეთდეს. ოპოზიციის მიერ საკითხის ასე წარმოჩენა და კუნთების თამაში ამ საკითხთან დაკავშირებით, არასწორია.
ერთი შემიძლია დაგიდასტუროთ, ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ხელისუფელბის მიერ წითელი ხაზია გავლებული. რაც შეეხება მათ ლაპარაკს, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ეს პირდაპირ მიუთითებს იმ გამოცდილებაზე, რომელიც ჩვენი ოპონენტების დიდ ჯგუფს გააჩნია, როდესაც ხელისუფლება წყვეტდა, ვინ იყო გარეთ გამოსაშვები, ვინ – დასაჭერი, საწამებელი და მოსაკლავი. საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ.
– ოპოზიციის ერთ-ერთ პუნქტში წერია: „ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უნდა გადადგეს და შეიცვალოს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნომინირებული პიროვნებით, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს. დააკმაყოფილებთ თუ არა ამ მოთხოვნას?
– ეს პუნქტი პირდაპირ ასახავს იმ პოლიტიკურ პოზიციას, რომელიც „ნაცმოძრაობას“, მის კლასტერსა და „პატრიოტთა ალიანსს“ გააჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა. რეალურად კი სურათი ასეთია – ერთ მხარეს დგანან საერთაშორისო ისეთი ორგანიზაციები, როგორიც არის უეთო, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირი და მათთან ერთად ცალკეული პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, ხოლო მეორე მხარეს დგანან ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია მიაჩნიათ მთავარ ამოცანად და მიყვებიან სააკაშვილის რევოლუციურ გეგმას. ეს არის არსი და ამ არსზე არის ზედნაშენი მოთხოვნა, რომ გადაყენებული იქნას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
– რაც შეეხება საარჩევნო სისტემის რეფორმირებას, წავა თუ არა ამ საკითხზე ხელისუფლება კომპრომისზე ოპოზიციასთან?
– ეს ის თემაა, რომელიც შეეხება საარჩევნო სისტემას, ამასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მიერ მიღებულ-იქნა საარჩევნო კოდექსი, რასაც საფუძვლად დაედო ეუთო-ოდირის რეკომენდაციების ფართო სპექტრი. საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, მზადა ვართ, გავაგრძელოთ ეუთო-ოდირის რეკომენდაციების განხილვა. თუ ის შესაბამისობაში მოდის სახელმწიფოს ინტერესებთან, რასაკვირველია, შეიძლება, ამ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები გაგრძელდეს.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











