ნინო ბურჯანაძის პოზიცია არასოდეს შეცვლილა, უარესიც უთქვამს და მისი პოლიტიკის უფრო სერიოზული გამოხატულებაც გვიხილავს, როცა პარადს დაესწრო, ან „პაკლონაია გარაზე“ იყო პუტინთან და რუსეთის სხვა ხელმძღვანელთან ერთად, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ვოლსკიმ შეაფასა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუს დროს გაკეთებული განცხადება.
ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ბურჯანაძე თავისი პოზიციებით საქართველოს ინტერესებს არ გამოხატავს.
„მთავარია, შინაარსი, რომელიც დამაზიანებელია. საქართველოსთვის ძალიან მძიმეა იმ პოზიციის დაკავება, რასაც ბურჯანაძე გვთავაზობს. რუსეთში გადაწყვეტილების მიმღები პუტინია, მაგრამ მისი გადაწყვეტილებები სწორედ ის არის, რამაც განაპირობა საქართველოს ოკუპაცია. ეს სწორედ ისაა, რასაც თავის დროზე ბურჯანაძე უფრო აქტიურად უნდა დაპირისპირებოდა და რასაც დღეს არა თუ უპირისპირდება, არამედ მიგვანიშნებს, რომ რუსეთთან რაიმე კომპრომისი შესაძლებელია. ეს გამორიცხულია, რადგან თავად ბურჯანაძის პოლიტიკური ფიგურა არ განაპირობებს არანაირ წინაპირობას იმისათვის, რომ პუტინს მასთან ჰქონდეს მოლაპარაკებები, თუ ის წარმატებული იქნება ქართულ პოლიტიკაში. პუტინს თავისი მიზანი აქვს.
ქვეყნის ინტერესების მიმართ მავნებლობაა, როცა რუსეთის ისტებლიშმენტის მიმართ ნებისმიერ პოზიტიურ განცხადებას აკეთებ. შალვა ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი არიან ადამიანები, რომლებსაც საშუალება რომ ჰქონდეთ და კოალიციური ხელისუფლება ჩამოაყალიბონ, ისინი იქნებიან საქართველოს მომავლისთვის დამღუპველი, იმდენად დიდია მათ შორის სხვაობა – გუშინდელი დღე, დღევანდელი დღე და იმდენად ფარისევლურია პროდასავლურობაზე ლაპარაკი, როცა ადამიანების წამებით ჰქონდათ ხელისუფლება შენარჩუნებული. პრაგმატულად რომ შევხედოთ, რასაკვირველია, რუსეთში პოლიტიკას პუტინი წყვეტს, მაგრამ მას ბურჯანაძის მიმართ უშველებელი ადამიანური სიყვარული და პატივისცემა რომ ჰქონდეს, მისი პოლიტიკა ვერანაირად ვერ აეწყობა იმ ინტერესებზე, რასაც საქართველოს ინტერესები ჰქვია. აქედან გამომდინარე, ნინო ბურჯანაძე საკუთარი განცხადებით არა თუ არ გამოხატავს საქართველოს ინტერესებს, არამედ მისი დამოკიდებულება არასწორია და მავნებლური იქნება მაშინ, თუ მას საშუალება მიეცემა, ქვეყანა მართოს. ეს არის რეალობა და ამის წინაპირობები არ არსებობს. მას უნდა, საკუთარი ნიშა აჩვენოს, გააძლიეროს და დაიკავოს. ეს არის მისი, როგორც პოლიტიკოსის ხვალინდელი ხედვაც. ამით გამოდის არჩევნებზე და ამ პოზიციით მოუწოდებს საკუთარი მხარდაჭერისკენ. ამის წინააღმდეგი ვარ იდეაშიც, პრაგმატულად და ემოციურადაც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთში მხოლოდ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეუძლია.











