პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს კულტურული დონის დემონსტრირება უნდა მოხდეს მსოფლიოში, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში.
მისივე თქმით, რუსთაველის თეატრის დასში ქვეყნის პატრიოტები არიან და ყოველთვის სწორ შეფასებას აძლევენ ოკუპაციის ფაქტს.
„რუსთაველის თეატრი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ღებულობს. ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება აქვს. მე მირჩევნია ბუკინგემში წავიდნენ და არა მოსკოვში. მაგრამ, როდესაც ჩეხოვის საერთაშორისო ფესტივალს ეხება საკითხი, მინდა ვთქვა, რომ საერთოდ, ქართული თეატრის, მისი ინტელექტუალური და ჩვენი კულტურული დონის დემონსტრირება უნდა მოხდეს მათ შორის რუსეთის ფედერაციაში, არა მხოლოდ რუსული საზოგადოების განსახილველად, იმ თემების წამოსაწევად, რომ საქართველოს ახასიათებს მაღალი კულტურული დონე. გარდა ამისა, არის ერთი საკითხი, რატომ არ უდგება წინ კულტურულ ინტერვენციას რუსული პოლიტიკური სტრატეგია და მათი ელიტა – სწორედ იმიტომ ხომ არა, რომ ფიქრობენ, რომ ან საკითხებთან დაკავშირებით თვითონ ჩვენს საზოგადოებაში შეიქმნება ისეთი დაპირისპირება, რაც მისთვის პოლიტიკურად მოსახერხებელია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მე და თქვენ ვიკამათოთ, ვიდრე ის, რომ ხელი არ შეუწყონ სხვადასხვა კულტურული კოლექტივების ჩასვლას. გარდა ამისა, არც მეპარება ეჭვი, რომ რუსთაველის თეატრის მთელი შემადგენლობა მთავარი რეჟისორიდან დაწყებული, ნებისმიერი მსახიობით დამთვრებული, პატრიოტია თავის ქვეყნის და სწორ შეფასებებს აძლევს ოკუპაციის ფაქტს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, რუსეთის პირველი არხის ინფორმაციით, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, მოსკოვში, ჩეხოვის სახელობის თეატრალურ ფესტივალზე გაემგზავრება. ფესტივალში მონაწილეობას დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნები იღებენ.











