ბრძოლა პატიმრობით არ მთავრდება, პატიმრობით ბრძოლა იწყება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, ნიკა მელიას დაჭერის შემდეგ განაცხადა.
„სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ, ბრძოლა იქნება უკომპრომისო. ბრძოლა პატიმრობით არ მთავრდება, პატიმრობით ბრძოლა იწყებ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
ოფისთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა იძაბება.
მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. პოლიციასთან წინააღმდეგობის გაწევისთვის 10-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს ხელი არ შეუშალონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.
22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.











