ჩვენი მოთხოვნები არსებითად უცვლელი რჩება. ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი – რიგგარეშე არჩევნები, ამ რიგგარეშე არჩევნებთან მისვლის გზები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტი იფუნქციონირებს, ეს სრული პოლიტიკური დეგრადაცია იქნება.
„ხაზს ვუსვამ, რიგგარეშე არჩევნები ოპოზიციის საერთო, მთავარ მოთხოვნად რჩება. მეორე, ეს არის სრული რეფორმა ცესკოს და საარჩევნო ადმინისტრაციის და მესამე, ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი. ეს არის 3 ძირითადი თემა, რომლითაც გამოგლეჯვა ვერ მოხდება. ვერ ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები, თუ ცესკო არ შეიცვლება და რეფორმა არ მოხდება. მარტო ცესკოს რეფორმა რომ მოხდეს და არჩევნები არ იყოს, ეს ვერ იქნება, რადგან საზოგადოება ელის გაყალბებული არჩევნების შედეგად პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას. ამიტომ, ცალკე აღებული ეს ვერ იქნება. რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრები ვერ გახდება სავაჭრო საგანი. შესაბამისად, სამივე საკითხი არის ერთი მთელი, რომლის ცალკე ამოგლეჯა ვერ მოხდება. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ როგორ უნდა მივიდეთ აქამდე, მათ შორის მივცეთ „ქართულ ოცნებას“ საშუალება, სახე შეინარჩუნოს“, – განაცხადა უგულავამ.











