თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ჟურნალისტი“ გიორგი გაბუნია მოწმის სახით დაკითხეს.
საქმე ეხება 2 წლის წინ მომხდარ ინციდენტს, როდესაც გიორგი გაბუნიას და „რუსთავი 2“-ის მაშინდელ იურისტს, თამთა მურადაშვილს თავს დაესხა მოქალაქეთა ჯგუფი, ტელევიზიაში გასული სიუჟეტის გამო.
შემთხვევის დროს გაბუნია და მურადაშვილი ავტომობილში იმყოფებოდნენ.
გაბუნიას თქმით, მან ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ ამ ადამიანებს გონივრული სასჯელი უნდა დაეკისროთ.
„2 წლის წინანდელ ფაქტთან დაკავშირებით მოხდა ჩემი დაკითხვა, როდესაც მანქანაში მოხდა რუსთავი 2-ის წინ ჩემი დატყვევება იმ ადამიანების მიერ, რომლებიც თვლიდნენ, რომ მე მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხვყავი. პირველად ვარ სასამართლოში, როგორც მოწმე.
მე ვუთხარი, რომ ჩემი აზრით, აქ დანაშაული არის ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლაში. არ მიხარია, რომ ადამიანები უნდა დაისაჯონ, მაგრამ უკეთესი იქნებოდა რომ ეს საჭირო არ იყოს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ დაუსჯელი დარჩეს ეს ფაქტი, იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა და სხვებმაც, უნდა იცოდნენ, რომ ასეთი თავდასხმა სრულიად მიუღებელია”, – განაცხადა გაბუნიამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ.











