ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე არ მივა.
ადვოკატის განცხადებით, გიორგი გაბუნია სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს ჩვენებას.
ცნობისთვის, 15 ივნისს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა.
მისივე თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო.
16 ივნისს, კადიროვი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის დავალებებს „ყოველთვის ასრულებენ“. მისივე თქმით, გაბუნიამ მას და მთელს რუსეთს შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც „მუხლებზე უნდა დადგეს და ბოდიში მოიხადოს“.











