საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ის საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.
ხმის მიცემის შემდეგ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ, ევროპულ-დასავლურ სახელმწიფოს.
სახელმწიფოსა და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების და ღირსების ფასი. ხმა მივეცი ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და იქნება უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს. რა თქმა უნდა, ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება. მომავალს მივეცი ხმა“,- განაცხადა გახარიამ.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.











