გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა დატოვა. მიქაუტაძე დღეს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს.
ეს თანამდებობა კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობასთან შეუსაბამოა, კანონის შესაბამისად, მიქაუტაძეს მდივნის უფლებამოსილება შეუწყდა.
უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 30 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართება, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორ წევრს აირჩევენ. ასევე დღის წესრიგის მიხედვით დაგეგმილია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივნის არჩევაც.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად მიქაუტაძე 2017 წლის 24 ივნისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე აირჩიეს. 2019 წლის 3 ივნისიდან 2019 წლის 12 დეკემბრამდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, მოსამართლედ გამწესებული იყო უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2019 წლის 12 დეკემბრიდან აირჩიეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.











