გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ხუთ ბრალდებულს შესაძლოა, დღეს სასამართლომ განაჩენი გამოუტანოს.
დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა გუშინდელ სხდომაზე წარმოთქვა. ადვოკატ ვასილ მამულაშვილის თქმით, არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ბრალდებულებმა გიორგი შაქარაშვილს სცემეს, შემდეგ კი მდინარე არაგვში ჩააგდეს.
პროკურატურა კი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია. საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განმარტებით, დაცვის მხარემ სასამართლოს დარწმუნება ვერ შეძლო.
გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახს ერთადერთი მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ეპიზოდზე ხუთი პირია ბრალდებული.











