„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაშია. როგორც იგი ამბობს, მას ინფიცირებულ თაკო ჩარკვიანთან კონტაქტი ბოლოს 12 დღის წინ ჰქონდა.
ვაშაძის თქმით, მან დღეს თავის დაზღვევის მიზნით ტესტი მაინც აიღო, პასუხების გაგებამდე კი თვითიზოლაციაში იქნება.
„ჯანმრთელად ვარ და არანაირი სიმპტომი არ მაქვს. სამწუხაროდ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს დაუდგინდა კორონა ვირუსი, ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, ბოლო კონტაქტი 12 დღის წინ მქონდა ზუგდიდში ღია სივრცეში, რადგან თაკოს ოფისი საბურთალოზეა მე კი ისანში ვარ ძირითადად და რეგიონებში დავდივარ.
მიუხედავად ამისა, ერთი საათის წინ ჩავაბარე როგორც პისიარ, ასევე ანტისხეულებზე ტესტი; პასუხები იქნება ხვალ დილით და მანამდე ვიქნები თვითიზოლაციაში; თაკოსთან ყველა კონტატქში მყოფი პირის გამოკვლევას ვაკეთებთ. სიას გადავცემთ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თვითონ ჯერ კავშირზე არ გამოსულან. იმედი მაქვს იქნება საკმარისის ტესტების მარაგი, რომ ყველას ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა“,- ამბობს გიორგი ვაშაძე.
ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან თავად სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც იგი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, მას ეჭვი აქვს, რომ ვირუსი დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო.











