„მთავარი არხის“ მეწილე, გიორგი რურუა გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოიკითხა. რურუამ იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს საპატიმროში, მასზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
გიორგი რურუას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული თავდასხმა და არ აქვთ მოლოდინი, რომ ხელისუფლებას ამ საკითხთან მიმართებაში რაიმე ეფექტური ზომებს მიიღებს.
„კონკრეტული გამომძიებელი, რომელიც დღეს იმყოფებოდა საგამოძიებო მოქმედებაზე სრულიად ადეკვატურად მოქმედებდა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ სამწუხაროდ ასეთ შემთხვევებში რიგითი გამომძიებლები არ იღებენ გადაწყვეტილებას და სხვა დონეზე ხდება გადაწყვეტილების მიღება. ბუნებრივია, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული თავდასხმა და არ მგონია ხელისუფლებას ამ საკითხთან მიმართებაში რაიმე ეფექტური ზომების მიღების სურვილი ჰქონდეს“, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
გიორგი რურუაზე გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში თავდასხმა გუშინ მოხდა. „მთავარი არხის“ მეწილეს რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარზე გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო.











