თქვენებურად, კახურად შემოჰკარით და გადავაგდოთ ეს ბატონ-ყმობა, რომ ჩვენს შვილებს მომავალი დავუბრუნოთ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ კახეთში განაცხადა.
მისივე თქმით, „გაერთიანებული ოპოზიციის“ გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს.
„ყვარელში რომ შემოდიხარ, ცენტრში კიდევ ერთხელ ხედავ, რომ თუ რამე გაკეთდა კახეთში, ყველაფერი გაკეთებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის გუნდის მიერ. როდესაც მიშამ თქვა, არამარტო უცხოელი ტურისტები, არამედ ქართველები დაისვენებენ კახეთშიო, მაშინდელი ოპოზიციის ქილიკი გახსოვთ. ზუსტად იმ დროიდან დაიწყო კახეთში ყურძნის მწარმოებლის ღვინის მწარმოებლად გადაქცევა, ქვევრის გაცოცხლება, რომელიც ჩვენი კულტურის უზარმაზარი ნაწილია, ხელოვნებამდე აყვანა ღვინის წარმოების, შატოების გახსნა, ავსტრიიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, ლიეტუვადან, ლატვიიდან ტურისტების ჩამოსვლა და სამწუხაროდ, აფრენილ ჩიტს რომ ტყვიას მოარტყამ, ისე გაჩერდა ყველაფერი 2012 წელს. ქიზიყში არ ყოფილა ბატონ-ყმობა, 21-ე საუკუნეში დაგვიწესეს ბატონ-ყმობა. თქვენებურად, კახურად შემოჰკარით და გადავაგდოთ ეს ბატონ-ყმობა, რომ ჩვენს შვილებს მომავალი დავუბრუნოთ“,- განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, „გაერთიანებული ოპოზიცია – ნაციონალურმა მოძრაობამ“ კახეთში თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი წარადგინა.











