ბათუმის ბულვარში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი გამოეხმაურა.
როგორც მან განაცხადა, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება და არავითარ პასუხისმგებლობას არ გრძნობს იმ ახალგაზრდების წინაშე, რომლებიც მას დაუპირისპირდნენ. ხოლო აქციაზე ბულვარში მიმდინარე მშენებლობის გასაპროტესტებლად მივიდა.
„ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება. რასაც ესენი აკეთებენ, გასაგებია ჩემთვის. გულიანი ხალხია, მაგრამ გულს გონებაც უნდა მიაყოლონ. რაც ხდება ბულვარში, იმის გასაპროტესტებლად მოვედი. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იმიტომ ვახსენე, რომ ბულვარის მიტაცება ამ ხელისუფლების კი არა, ყველა ხელისუფლების დროს ხდებოდა. განსაკუთრებით ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაიწყო. მაშინაც ხდებოდა. სად არის ეს ხალხი, მაშინ რომ „აპრავებდნენ?“ მაშინაც ეს ადგილი ბულვარი იყო, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს რომ აშენებდნენ. ყველა მთავრობამ თავისი წვლილი შეიტანა ჩვენი ბულვარის ოკუპაციაში, ამას ასე დავარქმევდი მე, „მცოცავ ოკუპაციას“, რაც დღეს ხდება. წარსულზე ლაპარაკი არ უნდათ. თავიანთ ცოდვებზე ლაპარაკი. მე მაშინაც ვაპროტესტებდი, ახლაც ვაპროტესტებ და ჩემ სიტყვას, რასაც ვამბობ, ყოველთვის ვიტყვი. ხალხმა შეაფასოს ვის რა პოზიცია, ვის რა უკეთებია ამ ქალაქში. ჩემს სიტყვას ყოველთვის ვიტყვი და არავისზე არ იქნება დამოკიდებული, სად მივალ, როგორ მივალ და რასაც გამოვხატავ. ეს ახალგაზრდები, რომლებიც ასე იქცევიან, მათი გამოხატვის თავისუფლებაა და მე არავითარ პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ მათ წინაშე“, განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.
შეგახსენებთ, აჭარაში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარი თქვეს. მოგვიანებით მხოლოდ ირაკლი ჩავლეიშვილი შევიდა უმაღლეს საბჭოში.
დღეს ბათუმის ბულვარში „ამბასადორის” 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობის საპროტესტო აქციაზე მისულ ირაკლი ჩავლეიშვილს „ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრები დაუპირისპირდნენ და ტერიტორია დაატოვებინეს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











