გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება დაიწყო.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები და ეპიდემიოლოგები სამაცივრე მეურნეობებში იმყოფებიან და ადგილობრივებს ბიოლოგიურ მასალას უღებენ.
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის, მარინა კაპანაძის ინფორმაციით, სამასზე მეტი მოქალაქე, როგორც კოვიდ – ინფექციაზე, ასევე “ც” ჰეპატიტზეც გაიტესტება.
„გადავწყვიტეთ ჩავატაროთ გაფართოებული ტესტირება, იმისათვის, რომ რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ. დაახლოებით სამას ადამიანს ავუღებთ ნიმუშს. ვიყენებთ ამ შესაძლებლობას და მოსახლეობას ც ჰეპატიტზეც ვიკვლევთ“,- განაცხადა კაპანაძემ.
კოვიდ-19-ის შემთხვევა, სოფელ ჩუმლაყის ერთ-ერთ სამაცივრე მეურნეობაში, გამოვლინდა.
ინფიცირებული პირი, სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, რომელიც სომხეთიდან საქართველოში, 29 ივნისს, ატმის შესაძენად ჩამოვიდა. ინფექცია, მას, მხოლოდ, მეოთხედ ჩატარებულმა კვლევამ დაუდასტურა. ახალგაზრდა მამაკაცს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











