გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში, ადმინისტრაციული ერთეული დაიკეტა. ფუნქციონირების დროებით შეწყვეტის მიზეზი, ერთ-ერთი თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირება გახდა.
ინფორმაციას ძირკოკში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ადასტურებს.
გოგიტა ალხაზაშვილის ინფორმაციით, ადმინისტრაციული ერთეული მხოლოდ ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციის მიხედვით განაახლებს მუშაობას.
„ამ წუთში დავკეტეთ სამსახური და ველოდებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს. ეს ქალბატონი რვა დღეა არ მინახავს, მაგრამ თავის დაზღვევა მაინც აუცილებელია. ამიტომ დაველოდებით რეკომენდაციებს და იმის მიხედვით განვაახლებთ მუშაობას“,- განაცხადა ალხაზაშვილმა.
სოფელ ძირკოკის ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომელს, კორონავირუსი გურჯაანის საავადმყოფოში 14 ოქტომბერს დაუდგინეს. ეპიდემიოლოგები მისი ინფიცირების წყაროსა და კონტაქტებს ადგენენ.
განცხადებას ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი დღეს, მოგვიანებით გააკეთებს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, დღეს გამოჯანმრთელდა 208 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 4 პაციენტი.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











