გვითხრეს, ყველანაირ პირობებს შეგვიქმნიან, რომ გვქონდეს კონტაქტი, ყველანაირ პირობებს შემიქმნიან, რომ ნებისმიერ დროს მოვიდე და ნებისმიერ კითხვაზე მივიღო პასუხი, – ამის შესახებ ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა შსს-დან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მათ კითხვებს პასუხები ვერ გაეცა, რადგან საქმის მასალები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს დღეს გადაეცა.
„დეტალურად ვისაუბრეთ ბატონ მამუკა ჭელიძესთან და იმ ახალ საგამოძიებო ჯგუფთან, თუ რა პირობებში მიმდინარეობდა სამხარეო პოლიციაში გამოძიება, იმ არანორმალურ მდგომარეობასთან, იმ ყველაფერთან დროის გაჭიანურებასთან დაკავშირებით, რაც იყო.
გვითხრეს, რომ ყველანაირად ეცდებიან უმოკლეს ვადაში ჩვენს კითხვებს გასცენ პასუხი, გამოძიებულ იყოს ყველაფერი და დადგინდეს, რა მოხდა.
„პრაიმტაიმნიუსის“ კითხვაზე, ენდობიან თუ არა გამოძიებას, რამიშვილი პასუხობს:
„გამომდინარე იქიდან, რას იზამენ და რა პირობებს შეუქმნიან გამოძიებას, ამაზეა დამოკიდებული.
გამოძიებას ვენდობი იმ შემთხვევაში, როდესაც დაიწყება შესაბამისი ქმედების განხორციელება. როგორ შეიძლება ნდობა-არნდობაზე ვისაუბრო, როცა დღეს გადმოეცათ საქმის მასალა. დღეს იწყებენ კითხვებზე პასუხის გაცემას. გაცნობითი ხასიათის იყო დღევანდელი შეხვედრა“, – განაცხადა რამიშვილმა.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან ერთად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან, მამუკა ჭელიძესთან იმყოფებოდნენ.











