“გვყვავდა წითელი კომპარტია, ახლა გვყავს ლურჯი კომპარტია. უყურონ ერთმანეთს ამ 91-მა დეპუტატმა და მიხვდნენ, რომ ქართველი ხალხის სულისკვეთებას ჩამორჩენილები არიან და ეს ძალიან მალე დასრულდება. პარლამენტი გალურჯდა” – “მოძრაობა ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ პარტიის წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართა.
მოძრაობის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ, ერთპარტიული პარლამენტის შეკრების გასაპროტესტებლად ლურჯი კვამლი გაუშვეს.

„დემოკრატიასთან ერთპარტიული მმართველობა აბსოლუტურად შეუთავსებელია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ გვახსოვს ერთპარტიული მმართველობა, მაგრამ გვახსოვს წითელი კომპარტია. დღეს ერთადერთი განმასხვავებელი საბჭოური მმართველობისგან, რომლის სიმბოლიკა იყო წითელი, არის ლურჯი ფერი “ქართული ოცნებისა”. – განაცხადა ანა დოლიძემ.
მან ოპოზიციის ბოიკოტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და და აღნიშნა, რომ თუკი ისინი მტკიცედ დადგებიან თავიანთ პოზიციაზე, “ლურჯი პარტია” ადრე თუ გვიან აუცილებლად დაკარგავს ძალაუფლებას.
,”ოპოზიციის ბოიკოტი აბსოლუტურად გამართლებულია. დარწმუნებული ვარ, თუ ისინი მყარად დადგებიან თავის პოზიციაზე, 92 გალურჯებული დეპუტატი, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, თავად ჩაგვაბარებს ლანგრით იმ ხელისუფლებას, რომელიც მოგვტაცა”, – აღნიშნა ანა დოლიძემ.











