2020 წლის 8 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი, ბატონი ფაიდ გულიევი მიიღო. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
„ბატონმა ელჩმა მის უწმინდესობას მადლობა გადაუხადა მიღებისთვის, ასევე გავრცელებული განცხადებისა და მშვიდობისკენ მოწოდებისთვის.
კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩის რანგში საქმიანობის დაწყება მიულოცა ბატონ ფაიდს და კვლავ გამოთქვა წუხილი საომარი მოქმედებების გამო.
ბოლოს დასძინა: „სიმართლეზე ძვირფასი არაფერია; უნდა ვეძიოთ იგი; სიმართლემდე კი გზა ნაბიჯ-ნაბიჯაა გასავლელი“. საგულისხმოა, რომ იგივე ითქვა სომხეთის ელჩთან წინა დღის შეხვედრაზეც.
ინებოს ღმერთმა, რომ ეს სამართლებრივი, მშვიდობიანი მეთოდებით განხორციელდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.











