იმედები, რომ ეუთო/ოდირი ოდნავ მაინც მიანიშნებდა არჩევნების გაყალბებაზე, არ გამართლდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიიორგი ვოლსკიმ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.
„ეუთო/ოდირის დასკვნა საბოლოოა, შედეგები დაზუსტებულია. იმედები, რომ ეუთო/ოდირი ოდნავ მაინც მიანიშნებდა, რომ არჩევნები გაყალბდა, არ გამართლდა. რასაკვირველია, ასეთ პირობებში, უნდა ეძებონ სხვა გზები, როგორ შეიძლება ეუთო/ოდირის მექანიზმის გამოყენება. მაგალითად, იმის თქმა, რომ შენიშვნები, რაც აქვს ეუთო/ოდირს სწორედ ის არის, რაც განაპირობებს ადამიანის მიერ თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილების შეცვლას. მაგალითად, გამგებელი 25 მეტრში თუ მიუახლოვდება საარჩევნო უბანს, დაჟინებული მზერით შეაცვლევინებს ამომრჩეველს თავის გადაწყვეტილებას. დაახლოებით ასეთ დონეზეა დღეს გაწბილებული ხალხის კამათი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ეუთო/ოდირმა საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა.










