იმედი მაქვს, შარლ მიშელის ვიზიტი ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს.
„პირველ რიგში, შარლ მიშელის ვიზიტი როგორც მოლდოვაში, ასევე საქართველოში არის გზავნილი რუსეთისთვის, რომ ევროკავშირი საკუთარ სტრატეგიულ ინტერესებს ამტკიცებს რუსეთის სამეზობლოში, ამიტომ ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოში ბატონი მიშელის ვიზიტი მათ შორის განპირობებულია ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისით.
ჩვენ დღეს გვქონდა მოსამზადებელი შეხვედრა, სადაც შევაჯერეთ საერთო გზავნილები, რომლითაც ოპოზიცია მიდის ამ შეხვედრაზე. ყოველ შემთხვევაში, მე იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი იქნება მნიშვნელოვანი ქვეყანაში პოლიტიკური კრიზის განმუხტვის თვალსაზრისით, თუ „ქართული ოცნება“ გამოიჩენს საკმარის პოლიტიკურ სიბრძნეს, რათა მოუსმინოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მათ გზავნილებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა, პოლიტიკური კრიზისის გამწვავება ურტყამს ჩვენი ქვეყნის სტარტეგიულ ინტერესებს და უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები, ცხადია, ხელისუფლების მხრიდან იმისთვის, რომ ჩვენ განვმუხტოთ ვითარება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სამადაშვილის განმარტებით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნებიან ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ.
„ანუ, ის პარტიები,რომლებმაც გადალახეს ბარიერი და შესაბამისად, მოპოვებული აქვთ საპარლამენტო მანდატები. რაც შეეხება გზავნილებს, ჩვენს პოზიციებში არაფერი ახალი არ არის. საზოგადოებისთვის ცნობილია ჩვენი მოთხოვნები. ესენია – პოლიტპატიმრების გათავისუფლება, შეთანხმება იმაზე, რომ ჩვენ მოვემზადოთ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნებისთვის. მიგვაჩნია, რომ ვადამდელი არჩევნების გარეშე პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ მიშელს ექნება მნიშვნელოვანი გზავნილები, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის. ის წარმოადგენს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის შეჯერებულ პოზიციას, შესაბამისად, ფაქტობრივად ყველაზე მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის მატარებელი ოფიციალური პირია, რომელიც შეიძლებოდა, რომ ქვეყანაში ამ რთულ ვითარებაში ჩამოსულიყო. ამიტომ ეს ვიზიტი თავისთავად არის ძალიან მნიშვნელივანი გზავნილი, თუ რაოდენ მაღალია შეშფოთება ჩვენს ევროპელ პარტნიორებში ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სამადაშვილმა.











