„იმედი მაქვს, თქვენ იქნებით ის პრემიერი, რომელიც ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელს მოაწერს“, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა.
„იმისთვის, რომ ეს განაცხადი იყოს სერიოზული, საჭიროა ორი კრიტერიუმი: ეკონომიკური განვითარება და დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობა. საბოლოო ჯამში ეს იქნება ორის საზომი, რომლითაც ჩვენ ჩვენი თავი უნდა გავზომოთ და ჩვენი ევროპელი კოლეგები გაგვზომავენ. აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ პანდემიაა და მისი გადავლის შემდეგაც გვექნება პოსტპანდემიური მდგომარეობა, თქვენ როგორ ხედავთ, რამდენად შევძლებთ იმ რეფორმების გატარებას, რომელიც ჩვენ ერთი მხრივ, ეკონომიკური განვითარების და მეორე მხრივ, დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობის კუთხით მიგვიყვანს იმ საზომზე, რომ ჩვენ თამამად გავაკეთოთ ეს განაცხადი. რა არის თქვენთვის ის შუალედური მიზნები და საზომები, რომლითაც თქვენ თქვენი მთავრობის წარმატებას გაზომავთ ამ მიმართულებით?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს უყრიან.











