სხვა ალტერნატივა, რომ იმუნიზაცია არ გაგრძელდეს, ქვეყანაში არ არის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ძალიან მძიმეა ყველასთვის, განსაკუთრებით ოჯახისთვის, იმ მხარისთვის, სადაც მეგი მოღვაწეობდა, მაგრამ სხვა ალტერნატივა, რომ არ გაგრძელდეს იმუნიზაცია, ქვეყანაში არ არის. ის უნდა გაგრძელდეს. მინდა ისევ გთხოვოთ, ფართოდ ჩაერთოთ კამპანიაში, ისე როგორც გუშინ, თვითონ მეგიმ მოუწოდა ტელევიზიით ხალხს, მედიკოსებს, რომ ჩაერთეთ კამპანიაში და მეტი აიცერით, იმიტომ, რომ რაც მეტი აიცრება ქვეყანაში მით უფრო დაზღვეული იქნება საზოგადოება, რომ ახალი ფატალური შედეგები არ გვექნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსნებთ, 27 წლის ექთანი, რომელსაც გუშინ, -„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დაუდასტურდა, გარდაიცვალა.
გუშინვე, ცნობილი გახდა, რომ საქართველო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას გააგრძელებს. გადაწყვეტილება ექსპერტთა ჯგუფმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო.











