დღეს საღამოს დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევიდან ერთი სადაზღვეო კომპანია „უნისონის“ თანამშრომელია.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ინფიცირების პირველწყარო ჯერჯერობით უცნობია და ეპიდკვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს.
„კვლევაშია და სამსახურთან კავშირში რამდენად არის, ეს ჯერ არ არის გამოკვეთილი. მიმდინარეობს მისი კონტაქტების დადგენა, დაზუსტება, რა ტიპის კონტაქტი იყო და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, ან გადაიყვანენ კარანტინში ან შესაძლოა არ საჭიროებდნენ ამას“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის 5 – საღამოს საათებში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხუთივე შემთვევაზე ინფიცირების პირველწყაროს დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.











