კახეთში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ამერიკაში მცხოვრები კიდევ ორი ქართველი ექიმი ჩაერთვება. ექიმები, ონლაინ კონსულტაციებს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებულ, რთულ ავადმყოფებს გაუწევენ.
საავადმყოფოს მენეჯერის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საავადმყოფოს მედპერსონალთან უკვე შედგა.
„გუშინ გვქონდა შეხვედრა, ერთმანეთის გასაცნობად. თელაველი ექიმია, ვასო ცისკარიშვილი და მისი მეუღლე, მარიკა გელაშვილი, რომლებიც რთული პაციენტების მართვაში დაგვეხმარებიან. ტექნიკურად, დავით მრელაშვილი დაგვეხმარა და შესაძლებლობა გვექნება პირდაპირ პალატიდან, ექიმებს პაციენტები ვაჩვენოთ, დანიშნულება გავაცნოთ და მათი დახმარებით ვმართოთ. დღეს უკვე გამოგვიგზავნიან გრაფიკს და პროცესი დაიწყება“,- განაცხადა ჭონიაშვილმა.
ამერიკაში მცხოვრებმა კიდევ ერთმა ქართველმა ექიმმა, დავით მრელაშვილმა, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისათვის, კახეთში ონლაინ კლინიკა უკვე ჩამოაყალიბა. მრელაშვილმა, თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს 20 საწოლიც აჩუქა.
თელავის რეფერალური საავადმყოფო, ჰიბრიდული ტიპის სამედიცინო დაწესებულებად რჩება, სადაც კოვიდინფიცირებულების გარდა, სხვა დაავადებების მქონე პაციენტებსაც იღებენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











