“ნამახვანჰესთან დაკავშირებით კითხვები არსებობს და მათ დასაბუთებული პასუხი უნდა გაეცეთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აუცილებელია, მოსახლეობაში არსებულ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი.
„მინდა გამოვეხმაურო ნამახვანჰესთან დაკავშირებით წუხილს, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა. ბუნებივია, კითხვები არსებობს და მათ შესაბამისი დასაბუთებული, კვალიფიციური პასუხი უნდა გაეცეს. აუცილებელია, მოსახლეობაში არსებულ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი. ამიტომ, მინდა ვთხოვო ქალბატონ თურნავას და ბატონ დავითაშვილს, რომ პირადად ჩავიდნენ ადგილზე, მაგალითად ხვალ და დაიწყონ აქტიური, უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, აუხსნან, რასთან დაკავშირებით აქვთ წუხილი. ასევე მინდა ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, რომ პარლამენტშიც გამართონ შესაბამისი საკომიტეტო მოსმენები საკითხის ირგვლივ დაინტერესებული პორების მონაწილეობით და ყველა ცხარე კითხვას გაეცეს პასუხი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.











