„მისი მათემატიკა და მისი პროგნოზები ცნობილია. ეს არის ერთ- ერთი ყველაზე ტრაგი-კომიკური თემა “ქართულ ოცნებაში”, თუ როგორ ითვლის ის საარჩევნო სტატისტიკას და როგორ აკეთებს პროგნოზებს“,- ასე გამოუხემაურა დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნას.
როგორც იგი ამბობს, „ოცნებას“ სხვა გზა არ აქვს, რადგან ახლა „საკადრო შიმშილს“ განიცდიან.
„არ ღირს ძალიან ბევრი დროის ხარჯვა და ფიქრი, კობახიძეზე რატომ შეიძლებოდა გაკეთებულიყო არჩევანი. თქვენ ხედავთ, როგორი საკადრო შიმშილი აქვთ, მართლაც მძიმე სურათი აქვს მმართველ პარტიას. არავინ დარჩა ისეთი, ვისაც შეიძლება ცოტა გამოცდილება მაინც ჰქონდეს პოლიტიკურ პროცესებში.
კობახიძემ საერთოდ ვერ ისწავლა პოლიტიკური პროცესი და მისგან პოლიტიკოსი არ დადგება არასოდეს, მაგრამ ის ამ პოზიციაზე შეირჩა იმ ნიშნით, რომ საარჩევნო კამპანიების დროს იყო ჩართული როგორც ტექნიკური, საორგანიზაციო შემსრულებელი პირი და უბრალოდ, “ოცნების” რიგებს რომ გადახედოთ, იმდენად რთულია იპოვოთ პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც აქვს საარჩევნო გამოცდილება, მიხვდებით – არარაობას ეს სჯობიაო – აი, ეს არის შერჩევის პრინციპი“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძე დაინიშნა.











