„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე დღევანდელ ბრიფინგზე გამოეხმაურა ლევან ვარშალომიძის განცხადებას, არჩევნების მეორე ტურის დღეს საარჩევნო უბნებზე სირცხვილის დერეფნების მოწყობის შესახებ.
ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ დისკომფორტი ყველა ამომრჩეველს არ უნდა შეექმნას, არამედ მხოლოდ მათ, ვის სახელთანაც, ოპოზიციის აზრით დაკავშირებულია არჩევნების გაყალბება.
„სირცხვილის კორიდორების დაანონსება ჯერჯერობით არ არის ოპოზიციასთან სრულიად შეთანხმებული. „ლელო საქართველოსთვის“ იმ შემთხვევაში განიხილავს თუ სირცხვილის კორიდორები მოეწყობა არა მოქალაქეებისთვის, არამედ იმ უბნებზე, სადაც ხმას აძლევენ ის ადამიანები, რომლებსაც გაყალბებაში მიუძღვით წვლილი. ასეთი არის ბათუმში თორნიკე რიჟვაძე, ტიტე აროშიძე, რესან კონცელიძე და სხვები.
ასევე დილით, როცა უბნები იხსნება და მიდიან კომისიის წვერები. ადამიანები, რომლებმაც არჩევნები ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ გააყალბეს და წაართვეს ქართულ საზოგადოებას არჩევანის უფლება. ეს არის ჩვენი პოზიცია. სხვა მხრივ გაიმართება კიდევ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა გზით ვაპირებთ 21 ნოემბერს ერთიანად წინააღმდეგობის გაწევას იმ ფაქტისთვის, რასაც გეგმავს „ქართული ოცნება“ მეორე ტურებში.
შეხვედრაზე გვექნება საბოლოო პასუხი. გავივლით პარტიებთან რეკომენდაციებს, ზუსტად რა ფორმატზეა საუბარი, როგორ გავაკეთებთ და დავაორგანიზებთ. დისკომფორტი აუცილებლად უნდა შევუქმნათ არჩევნების გამყალბებლებს, არა მოქალაქეებს, არა იმ ადამიანებს, რომლებიც გულწრფელად ფიქრობენ, რომ არჩევანი გასაკეთებელია” – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











