ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ამომრჩევლებთან შეხვედრებს დაიწყებს. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ირაკლი ქადაგიშვილი, საჯაროდ დღეს პირველად გამოჩნდა და განაცხადა, რომ ოპოზიცია საკუთარ გეგმებში ჩამოყალიბებული არ არის.
„ჩვენმა ოპონენტებმა ყოველგვარი პასუხისმგებლობა დაკარგეს საკუთარ ამომრჩეველთან და მათ უფრო მეტი საფიქრალი აქვთ, საკუთარ ამომრჩეველთან ურთიერთობაში, ვიდრე ჩვენ. ოპოზიცია არის აბსოლუტურად ჩამოუყალიბებელი ხვალინდელ პოლიტიკურ დღის წესრიგთან დაკავშირებით.მათ არ იციან, რა გენერალური ხაზი გაატარონ. ეს ნათლად ჩანს, მათი განცხადებებიდანაც. ჩვენ ახლა მარჩიელობას არ შევუდგებით, შეიცვლიან თუ არა, აზრს. კანონის თანახმად, მეორე ტური ტარდება და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით კანონით გაწერილ პროცედურას.31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. ის, რომ ჩვენთან მეორე ტურია, ესეც ნიშნავს იმას, რომ არჩევნები თავისუფალი და დემოკრატიული იყო. კომისიებმა ყველა საჩივარი განიხილეს, საერთაშორისო დამკვირვებლებმაც პროცესს მაღალი შეფასება მისცეს. ბევრ უბანზე, შედეგებიც კი გადათვალეს. გვაქვს ის შედეგი, რაც ჩვენმა მოსახლეობამ ობიექტურად დადო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობილია, რომ ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, ქადაგიშვილის მთავარი კონკურენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გიორგი ბოტკოველი, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებს და საარჩევნო კამპანიას არ ატარებს.
საკუთარი პოზიცია ბოტკოველმა, არჩევნებიდან მეორე დღესვე დააფიქსირა.
ამომრჩევლებთან შეხვედრებს, ირაკლი ქადაგიშვილი, ხვალიდან დაიწყებს.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, ცესკოს გადაწყვეტილებით, 21 ნოემბერს ჩატარდება.
პირველ ტურში, ქადაგიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 47, ხოლო ბოტკოველმა 40 % მიიღო.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











