გასული წლის ოქტომბერში, საქართველოს მოქალაქეებმა კენჭისყრაში მონაწილეობა პირველად მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანამ არჩევნების გამჭვირვალეობისა და კონკურენტუნარიანობისთვის აუცილებელი რეფორმები გაატარა,- ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ანგარიშში ვკითხულობთ.
არჩევნების ტექნიკური შეფასების საერთაშორისო მისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი კონსტიტუციური უფლებების დაცვით ჩატარდა.
ცესკო მოქმედებდა შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში. შედეგების შეჯამების პროცესის გარდა, ტექნიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა ეფექტურად იყო განხორციელებული.
ძირითადად, არჩევნების დღე მშვიდ გარემოში ჩატარდა, იზოლირებული ინციდენტები დაფიქსირდა გლდანსა და მარნეულში. თუმცა, სანდო დამკვირვებელი ორგანიზაციების მონაცემებით ადგილი ჰქონდა სერიოზულ პროცედურულ ხარვეზებს, როგორიცაა მარკირების პროცესის დარღვევა, ამომრჩევლისთვის საარჩევნო ჯიხურთან ფოტოს გადაღების ფაქტები, რაც ხმის ფარულობის დარღვევაა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილებებში ბუნდოვანება, კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების სუსტი დაცვა და შემაჯამებელ ოქმების მანიპულაციების ფაქტები. დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებული სხვა დარღვევები მოიცავდა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ ტენდენციებს“,- ვკითხულობთ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში.
ანგარიშში საუბარია წინასაარჩევნო პერიოდზე, სადაც აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო გარემო იყო უმეტესად მშვიდი და პოლიტიკურად კონკურენტული, ძალადობის რამდენიმე შემთხვევით.
„წინასაარჩევნო პერიოდი იყო კარგად ორგანიზებული, გამჭირვალე პროცესი, რომელმაც, მეტწილად, კანონმდებლობის დაცვით ჩაიარა. ცესკო და საოლქო საარჩევნო კომისიები რეგულარულ შეხვედრებს ატარებდნენ პარტიის წარმომადგენლებისა და აკრედიტირებული დამკვირვებლების თანდასწრებით. მიღებული გადაწყვეტილებები და სხდომის ოქმები დაუყოვნებლივ ქვეყნდებოდა ცესკოს ვებგვერდზე.
იგივე შეიძლება ითქვას საოლქო საარჩევნო კომისიების შესახებ, რომელთათვისაც გადაწყვეტილებების განთავსება და ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იყო ონლაინ. შეხვედრის ოქმების გამოქვეყნება კარგად იყო ორგანიზებული, რამაც ხელი შეუწყო პროცესის საერთო გამჭვირვალობას“,- ვკითხულობთ ანგარიშში.











