„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ პირველი 100 დღის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში დესტრუქციული ძალების კონსტიტუციულ ჩარჩოებში დაბრუნება იქნება.
როგორც ზაალ უდუმაშვილი ამბობს, ხელისუფლება არ იმყოფება იმ მდგომარეობაში, რომ ოპოზიციას და საზოგადოებას ულტიმატუმის ენით ესაუბროს.
ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ დავმსხდარიყავით მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამას მოუწოდებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და უკვე სანქციებზეც დაიწყო საუბარი იმ შემთხვევაში, თუ ამ უგუნურ გადაწყვეტილებაზე არ აიღებენ ხელს. თუ აღელვებთ ამ ქვეყნის ან თუნდაც, საკუთარი ან ოჯახის მომავალი “ქართული ოცნების” წამომადგენლებს, დროულად მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას, რომ გადავწყვიტოთ ის უმნიშვნელოვანესი პრობლემები, რომლიც ქვეყნის წინაშე დგას.
ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნაც ეს იყო, რომ ის, რაც ვერ გააკეთა თუ არ გააკეთა გახარიამ, ახლა ღარიბაშვილმა უნდა შეასრულოს და უნდა დააპატიმროს ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ სურვილი და ბრძანება ერთია და მისი შესრულება – მეორე. ერთი კვირა გავიდა, რაც თავისუფლებისთვის მებრძოლი ასეულობით ადამიანი 24 საათის განმავლობაში იმყოფება ჩვენს ოფისში, რათა არ მოხდეს იერიშის მოტანა პარტიის ოფისზე. ასე განვაგრძობთ ყოფნას ამ პერიოდის განმავლობაში და არავის მივცემთ საშუალებას, გადადგას ის უგუნური ნაბიჯი, რასაც ჰქვია ნიკა მელიას დაპატიმრება. ჩვენ ყველანაირი კანონიერი მეთოდით დავიცავთ ჩვენს პარტიას, ჩვენს ოფისს, ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის მომავალს. დღეს წითელი ხაზი გადის იმაზე, რომ ჩვენ თუ დავნებდით, დანებდება მთლიანად ქვეყანა და ჩვენ დავკარგავთ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს”,- განაცხადა უდუმაშვილმა.











