თენგიზ ცერცვაძის თქმით, დექსამეტაზონი და სხვა კორტიკოსტეროიდები, პრედნიზოლონი და სხვა, საქართველოში და ყველა ქვეყანაში ფართოდ გამოიყენება და ამაში ახალი არაფერია.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ისიც განმარტა, თუ როდის არის მიზანშეუწონელი დექსამეტაზონის გამოყენება.
„ტაქტიკა არის ასეთი, როცა ციტოკინური შტორმი არ არის გამოხატული, დექსამეტაზონის გამოყენება არ არის სასურველი და მიზანშეწონილი, მაგრამ მძიმე ავადმყოფებში, რომლებიც მოთავსებული არიან რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე, მათი გამოყენება გამოდგა კარგი, მან შეამცირა ლეტალობის მაჩვენებლები.
იმ კონკრეტულმა კვლევამ უჩვენა, რომ მძიმე პაციენტების გარკვეულ პროცენტში იძლეოდა დამაიმედებელ შედეგებს, შეიძლება, ხვალ სხვა კვლევა გამოქვეყნდეს, რომელმაც შეიძლება თქვას, რომ ეს მთლად ასე არ არის, მაგრამ თვითონ კორტიკოსტეროიდები არის ფართედ მოხმარებადი მედიკამენტები და, მათ შორის, კორონავირუსის დროსაც გამოიყენებოდა ფართოდ, ოღონდ ამ კორტიკოსტეროიდებს აქვს თავისი ჩვენებები, ისევე როგორც სხვა ყველა დანარჩენ მედიკამენტს.
ოფიციალური პროტოკოლით და გაიდლაინებით, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინით, კორტიკოსტეროიდების გამოყენება არ არის რეკომენდირებული კორონავირუსის ჩვეულებრივი ფორმების დროს, რადგან ეს მედიკამენტები აქვეითებს ადამიანის იმუნიტეტს და ხელს უწყობს, რომ ვირუსმა გაიხანგრძლივოს თავისი არსებობა ადამიანის ორგანიზმში.“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.











