„ეს არის ისტორიული პროცესი, რომელიც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას გადავიდეს დემოკრატიზაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ახალ ეტაპზე. რა თქმა უნდა, ეს მეტ სტაბილურობას შესძენს ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი უნდა დაგვირგვინდეს დემოკრატიული არჩევნებით.
„მინდა გამოვეხმაურო იმ ისტორიულ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს პროცესი იყო საკმაოდ რთული, დინამიური ემოციური, მაგრამ შედეგი ის არის, რომ გვაქვს ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. დღეს პროცესშია ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ასევე დარწმუნებული ვარ, რომ დამტკიცდება.
ყველას კარგად გვესმის, რომ ამ პროცესის საბოლოო შედეგი უნდა იყოს ქვეყანაში ღია, დემოკრატიული არჩევნები, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხიმგებლობაა და ყველანი ერთად უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ.
ეს პროცესი იყო საკმაოდ ემოციური. ყველას კარგად გვესმის, რომ პოლარიზაციის ხარისხიც იყო საკმაოდ მაღალი. მაგრამ ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად გადავლახეთ ეს წინააღმდეგობები. თითოეულმა ჩვენგანმა, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ პლატფორმას წარმოვადგენთ, პოზიტიური როლი უნდა შევიტანოთ ამ ისტორიულ პროცესში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, 29 ივნისს, პარლამენტმა მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება, ბარიერი კი 1% იქნება.
შეთანხმება 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შედგა.











