საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დაკავებულების ადვოკატები ახლო მომავალში სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ. ისინი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობაში დატოვების საკითხს გაასაჩივრებენ.
ადვოკატები ამბობენ, რომ საქმე პოლიტიზირებულია და მათი დაცვის ქვეშ მყოფები საპატიმროში უსაფუძვლოდ იმყოფებიან.
ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლომ იმაზე უფრო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, ვიდრე პირველმა ინსტანციამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, დააკავეს.
პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას 1938 წლის რუკა ამოიღეს, რომელზეც, გამოძიების ცნობით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე იყო მოხვედრილი.











