დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მასობრივი იმუნიზაცია საქართველოში ივლისიდან დაიწყება.
„ჩვენ ე.წ. მასობრივ იმუნიზაციაზე გადავალთ დიდი ალბათობით, ივლისიდან. მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები. გუშინ სამინისტროში მოვიდა კონტრაქტი მეორე ვაქცინაზე, ეს არის ნოვავაქსის ვაქცინა, რომელთანაც უკვე დაახლოებით ორი თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
ნოვავაქსი არის ამერიკული კომპანია. მის მიერ წარმოებული ვაქცინა განსხვავდება პრინციპით დღეს არსებული ასტრაზენეკას, მოდერნას, ფაიზერის ან ჩინურის ვაქცინისგან, ცოტა სხვა პრინციპზეა დამყარებული მისი წარმოება. ნოვავაქსი არის ვაქცინების უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. მან მისცა ლიცენზია ინდურ მწარმოებელს, სერუმ ინსტიტუტს“, – თქვა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, საქართველო მოლაპარაკებას აწარმოებს სერუმ ინსტიტუტთანაც, საიდანაც ქვეყანამ უნდა შეისყიდოს ნოვავაქსის მილიონი დოზა.
„არა კოვაქსის გავლით, არამედ პირდაპირ ფაიზერის შესყიდვასთან დაკავშირებით. ველოდებით ფაიზერისგან მოწოდების პირობებს და ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ჯონსონ & ჯონსონთან“. ამ წლის განმავლობაში სხვადასხვა ვაქცინები გამოჩნდება ქვეყანაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში ჩინური ვაქცინა სინოფარმი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შემოვა.











