ჩვენ მოხარულები ვიქნებით მხარი დავუჭიროთ საქართველოს, გავმართოთ დისკუსია მარეგულირებლებთან , მოსახლეობასთან , რათა ვაქცინის მიმართ საზოგადოების ნდობა ამაღლდეს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარიანგელა სიმაომ საქართველოში Atrazeneca-ს ვაქცინაციის შემდეგ ექთნის გარდაცვალების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ძალიან სამწუხარო და დასანანია მედდის გარდაცვალება. ჩვენ მსოფლიოში დაფიქსირებული ყველა გარდაცვალების შემთხვევა, რომელიც სავარაუდოდ ვაქცინაციას უკავშირდებოდა, შესწავლილი გვაქვს. ასევე, Astrazeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ გამოვლენილი გართულებებიც. დასკვნა შემდეგია: ვაქცინაციისგან მიღებული სარგებელი მის რისკებს აღემატება. ჩვენ მოხარულები ვიქნებით მხარი დავუჭიროთ საქართველოს, გავმართოთ დისკუსია მარეგულირებლებთან , მოსახლეობასთან , რათა ვაქცინის მიმართ საზოგადოების ნდობა ამაღლდეს. ვაქცინა ძალიან კარგია. უამრავი მტკიცებულებაა იმისა, რომ ვაქცინა ძალიან დიდ როლს თამაშობს ვირუსის გარდაცვალების შემთხვევების თავიდან არიდების თვალსაზრისით“,- განაცხადა მარიანგელა სიმაომ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, სუმია სვამინათანის განცხადებით, ანაფილაქსიის შემთხვევები საკმაოდ იშვიათია.
„გვესმის, რომ ეს იყო ანაფილაქსიის შემთხვევა, რომელიც ძალიან მძიმე ალერგიული რეაქციაა ვაქცინის კომპონენტზე. მსგავი რეაქცია გამოვლენილია სხვა ვაქცინების შემთხვევაშიც, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ ფართოდ გამოიყენება. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მსგავსი რეაქციები საკმაოდ იშვიათია. მილიონში 2-4 შემთხვევა. გაიდლაინი იმისა, თუ როგორ უნდა დავიყვანოთ მსგავსი შემთხვევები მინიმალურ დონეზე, ასეთია: უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველა ვაქცინა კეთდება ისეთ გარემოში, სადაც მედიკოსები არიან, სადაც ხელმისაწვდომია მედიკამენტები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ ვუმკურნალოთ ადამიანებს, რომლებსაც განუვითარდებათ მძიმე ალერგიული რეაქცია ან ანაფილაქსიური შოკი. როგორც წესი, ამის განკურნება შესაძლებელია, თუ ეს ხდება სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც სრულად არის აღჭურვილი.
მეორე საკითხი არის ის, რომ ვაქცინაციის შემდეგ აუცილებელია ვაქცინირებულ ადამიანს 30 წუთის განმავლობაში დავაკვირდეთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ ადამიანს წინა ანაფილაქსიის ისტორია აქვს.ამ შემთხვევაში მათ სამედიცინო პერსონალისგან ძალიან ყურადღებით სჭირდებათ დაკვირვება.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, შეტყობინების გაგზავნა, რომ ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევები და ჩვენ ვცდილობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ ასეთი ფაქტები სიფრთხილის გამოჩენით და იმის უზრუნველყოფით, რომ ვაქცინაციის შემდეგ ადამიანები დაკვირვების ქვეშ იყვნენ. ასევე ისეთ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ვაქცინაცია ტარდება, ხელმისაწვდომი იყოს მედიკამენტები იმათ სამკურნალოდ, ვისაც ალერგიული რეაქცია ექნებათ და დავარწმუნოთ ადამიანები, რომ ვაქცინების სარგებელი აჭარბებს მათ რისკს,“ – განაცხადა სუმია სვამინათანმა.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.
საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 15-ში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. იმუნიზაცია ქვეყანაში ნელი ტემპებით მიმდინარეობს.











