ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, ზედიზედ მერვე კვირაა, რაც მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იმატებს.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„ზედიზედ მე-8 კვირაა, რაც მსოფლიოში კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება. გასულ კვირას, 5.2 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია“, – განაცხადა გებრეიესუსმა.
მისივე თქმით, ბოლო 5 კვირაა კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელიც გაიზარდა. ასევე, 25-დან 59 წლამდე ასაკის ადამიანებში ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საგანგაშო ტემპით იმატებს.
ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 142 მილიონს გადააჭარბა.











