ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტებისთვის, გულის აპარატების – კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გაცემა დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აპარატის გადაცემის პროცედურა პაციენტის უშუალო ჩართულობას არ საჭიროებს. ინორმაციის მიხედვით, ექიმის მიერ შესაბამისი ოპერაციის შესახებ მიღბული გადაწყვეტილების შემდეგ, იგი ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში კონკრეტულ პაციენტზე ელექტრონულ განაცხადს გააკეთებს, რომელსაც სააგენტო დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებისთვის დეფიბრილატორის დანიშნულების ადგილზე უფასო მიწოდებას უზრუნველყოფს.
“რთული არითმიების დროს, უეცარი სიკვდილისგან თავდაცვის ეფექტური საშუალება, იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი – ესაა „ჩაშენებული რეანიმატოლოგი“, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში სიცოცხლის გადარჩენის პროცედურას ავტომატურ რეჟიმში ახორციელებს. თუ ხელსაწყო გულის რითმულობის უმნიშვნელო დარღვევას აღმოაჩენს, ის იწყებს უმტკივნეულო ელექტრული იმპულსების გენერირებას. საჭიროებისამებრ, „ჭკვიანი აპარატი“ უფრო მძლავრ რეჟიმზეც გადადის და გულის ჯანსაღ რითმს აღადგენს.


აპარატის სატენდერო მახასიათებლები „არითმოლოგთა ასოციაციასთან“ ერთად განისაზღვრა. შედეგად, დღეს სააგენტო უზრუნველყოფილია აშშ-ის ერთ-ერთი ავტორიტეტული კომპანიის მიერ წარმოებული, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში აპრობირებული დეფიბრილატორებით, რომლებიც სპეციალისტების დადებითი შეფასებით სარგებლობენ.
კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების ბენეფიცირებისთვის უფასოდ გადაცემის პროექტი მთავრობის 520-ე დადგენილებას უკავშირდება, რომელიც ჯანდაცვის სექტორის გრძელვადიან განვითარებასა და გაძლიერებაზეა ორიენტირებული.” – ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, აპარატების რაოდენობა ბოლო წლების სტატისტიკაზე დაყრდნობით განისაზღვრა. სააგენტო აპარატების ერთი წლის მარაგით, უკვე აღჭურვილია. მათი განცხადებით, აღნიშნული სამედიცინო ტექნიკა საჭიროებისამებრ, სისტემატურად შეივსება ხოლმე.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოქალაქეებს კლინიკებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის შესაბამისად, მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების თანაგადახდა მოუწევთ, რომლის ოდენობა, სოციალური სტატუსის მიხედვით, 0-დან 20 პროცენტამდე განისაზღვრება (ამ შეღავათით მთავრობის N165-ე და N218-ე დადგენილებებით გათვალისიწინებული პირები სარგებლობენ).
ავტორი: ამუკა ქორიძე











