ჩვენ შევქმენით მყარი ფუნდამენტი, რომ მოხდეს ქალაქის სწორი განვითარება და ამას ვერაფერმა შეუშალოს ხელი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„წელს, ოქტომბერში მერობის ვადა მეწურება და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდა თბილისში, ბოლო სამი წლის განმავლობაში“, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, საზოგადოებას ახსოვს, როგორ ხდებოდა ქალაქის ქაოტური განაშენიანება, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა და დღეს არავის მოგვწონს კონკრეტული უბნები და შენობა-ნაგებობები, რომლებიც წლების წინ აშენდა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეიძლება, გამოსწორდეს ქაოტური განაშენიანების შედეგი, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და გაფუჭებულის გამოსწორება დღეს შეუძლებელია, მაგრამ მდგომარეობის შესაცვლელად მაქსიმუმი გაკეთდა.
„რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის დანგრევა და გაფუჭებულის გამოსწორება დღეს შეუძლებელია, რადგან არის შენობა-ნაგებობები, სადაც უამრავი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მდგომარეობის შესაცვლელად. პირველი, ეს იყო გენგეგმის მიღება. არსებობს ჩარჩო-დოკუმენტი, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის სწორად განვითარება, რითაც ერთხელ და სამუდამოდ დაესვა წერტილი ქაოტურ განაშენიანებას, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა“, – განაცხადა კალაძემ.