კახეთში კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღება, კიდევ ერთმა საავადმყოფომ დაიწყო. კოვიდ-19-ით დაავადებულ მოქალაქეებს, დედოფლისწყაროს საავადმყოფოშიც უმკურნალებენ.
საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა აგლაძის ინფორმაციით, კლინიკაში, უკვე 24 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული.
„დღევანდელი მდგომარეობით, გვყავს 24 პაციენტი, აქედან 5 რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. სათანადო აღჭურვა გვაქვს, მედპერსონალმაც შესაბამისი გადამზადება გაიარა. ყველა მუნიციპალიტეტიდან გვყავს პაციენტები. მძიმე მდგომარეობაში, უმთავრესად, ასაკიანი და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები არიან“, – განაცხადა აგლაძემ.
ამ ეტაპზე, დედოფლისწყაროს საავადმყოფოს, კორონავირუსით ინფიცირებული, 25 პაციენტის მოთავსების რესურსი აქვს.
დღემდე, რეგიონში, კოვიდით დაავადებულ პირებს, ოთხი – თელავის რეფერალური საავადმყოფო, საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალი, არქიმედეს კლინიკა და თელავის ცენტრალური საავადმყოფო იღებდა.
კოვიდ მიმღებ კლინიკებად, კახეთის სამედიცინო დაწესებულებები, ეტაპობრივად, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის ზრდის მიხედვით გადაკეთდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











