საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლების ნაწილი, საკლასო ოთახებში სწავლის განახლების წინააღმდეგია. მშობლები თვლიან, რომ დაწესებული რეგულაციების მიუხედავად, სკოლებში სიარული უსაფრთხო არ არის.
ერთ- ერთი მოსწავლის მშობელი, თეონა ჯავახიშვილი, „პრაიმტაიმნიუსთან“ განმარტავს, რომ საკლასო ოთახებში სწავლის განახლებას ამ ეტაპზე, არ ეთანხმება.
„უდიდესი სურვილი მაქვს, რომ ჩემმა შვილმა სრულყოფილი განათლება მიიღოს და ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის.მაგრამ ახლა, რა ზომებიც არ უნდა მიიღონ სკოლებში, საფრთხე მაინც მაღალია. მე ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ, სამკურნალოდ სახლიც კი გავყიდე. ბავშვმა რომ სკოლიდან ვირუსი მოიტანოს, შესაძლოა, ჩემი სიცოცხლე ეჭვქვეშ დადგეს. ამიტომ სანამ გარანტირებული არ ვიქნებით, რომ საფრთხე არ არის, ან ვაქცინაციას არ ჩაგვიტარებენ, მანამდე ეს გადაწყვეტილება ჩემნაირებზე მორგებული არ არის“,- განაცხადა ჯავახიშვილმა.
თელავის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, მაია სვიმონიშვილი ამბობს, რომ რისკ-ჯგუფში მყოფი მშობლების ინტერესები, სკოლებში გათვალისწინებული იქნება.
„მივიღეთ მითითება, რომ მშობლის სურვილის მიხედვით, მოსწავლე დავტოვოთ ონლაინ-სწავლებაზე. ამისთვის ყველა მსურველს შეუძლია, დირექციას განცხადებით მიმართოს, ან სპეციალურ საიტზე დარეგისტრირდეს. ასეთი ბავშვებისათვის გაკეთდება ონლაინ-კლასი და პედაგოგი, რომელიც ონლაინ- სწავლებას გაუძღვება, დამატებით ანაზღაურებას მიიღებს“,- განაცხადა სიმონიშვილმა.
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან საჯარო სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება.
სწავლების დისტანციურ რეჟიმზე სკოლები, ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შემდეგ, 2020 წლის სექტემბრიდან, ეტაპობრივად გადავიდნენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











