თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბის გახსნას, საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაესწრო.
შტაბის გახსნას, მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კახეთში ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე 2020 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხებს განიხილეს.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, წელს მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირება, რქაწითელისა და კახური მწვანეს ჯიშის ყურძნებზე განხორციელდება.
„კოვიდმა გარკვეული პრობლემები, ბუნებრივია შექმნა, მაგრამ უკვე 30- ზე მეტი ქარხანა დარეგისტრირდა და იმედი გვაქვს, ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. სუბსიდიის თანხა, ერთ კილოგრამ ყურძენზე, 30 თეთრს შეადგენს, მათთვის, ვინც 1000 ტონაზე მეტ ყურძენს ჩაიბარებს. თუ ამ მიმართულებით შეფერხება იქნება, ჩვენ რეზერვში გვყავს სახელმწიფო საწარმოები. რაც შეეხება საფერავს, ამას სეგმენტი თავად ითვისებს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
წელს კახეთში, 300 ათას ტონა ყურძენზე მეტს ელოდებიან.
რთველის შტაბს კახეთში, ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, ლევან მეხუზლა უხელმძღვანელებს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











