ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მინკსში Ryanair-ის თვითმფრინავის ავარიულად დაშვებაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
ინფორმაციას BBC-ის რუსული რედაქცია ავრცელებს.
ლუკაშენკო აცხადებს, რომ ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის დანაღმვის შესახებ ინფორმაცია შვეიცარიიდან მიიღეს.
ბელარუსის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის კანონიერად, ყველა საერთაშორისო წესის შესაბამისად მოქმედებდა, რათა ხალხი დაეცვა.
„როგორ უნდა მოვქცეულიყავით, განსაკუთრებით ჩვენი ობიექტების დანაღმვის შესახებ მუქარების ფონზე? ბელარუსში ცხოვრობთ და იცით, რომ ყოველდღე შემოდის ინფორმაცია სკოლების, უნივერსიტეტების ან საწარმოების დანაღმვაზე. ინფორმაციის მიღების შემდეგ ადეკვატურად ვიმოქმედეთ“, – აცხადებს ლუკაშენკო.
შეგახსენებთ, რომ 23 მაისს ათენიდან ვილნიუსში მიმავალი Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელშიც ბელარუსის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი, ონლაინ არხის, Nexta-ს ყოფილი რედაქტორი, ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა, მინსკში ავარიულად დაეშვა.











