„ძალიან კარგია ოპოზიცია თუ დაესწრება პრემიერ-მინისტრის ანგარიშს და პოლიტიკურ ცირკს არ მოაწყობს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ძალიან კარგია ოპოზიცია თუ დაესწრება და პოლიტიკურ ცირკს არ მოაწყობს, არ ეცდება ყოველ შემთხვევაში, რომ ეს ცირკი მოაწყოს. ეს ვერ გამოუვიდათ ერთხელ, ორჯერ, ახლაც ფიქრობენ რევანში მიიტანონ. პრემიერ- მინისტრი აპირებს ძალიან ბევრი საკითხი გამოიტანოს ჩვენ წინაშე და დიდი იმედი არ მაქვს და მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ოპოზიციას, იყოს კრიტიკული, მაგრამ საქმიანი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით ხვალ წარდგება. ბოლო დროის განმავლობაში ეს პრემიერ-მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში უკვე მესამე ვიზიტია.
ბოიკოტის რეჟიმის მიუხედავად, გახარიას გამოსვლას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ დაესწრებიან და კითხვებსაც დასვამენ.
გასულ თვეში პრემიერი პარლამენტში ორჯერ იმყოფებოდა. 27 მაისს გიორგი გახარიამ კოვიდ-ანგარიში წარადგინა, 29 მაისს კი საკანონმდებლო ორგანოს ინტერპელაციის წესის ფარგლებში ეწვია.











