ძალიან კარგია, რომ ეს პროცესი ყოველგვარი სიურპრიზების გარეშე გავიარეთ, იმიტომ რომ რჩებოდა გარკვეული ბოლომდე „ქართული ოცნების“ მხრიდან, – ასე აფასებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას.
ის მმართველ პარტიას მოუწოდებს, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი შეასრულონ.
„რაც შეეხება კონსტიტუციურ ცვლილებებს, უკვე მიღებულია და შემდეგი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, არის ვალდებულებების შესრულება, რომელზეც დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად აკეთებენ ხაზგასმას და ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი ვინც ამ შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს მმართველ პარტიას.
მე მთლიანობაში ამ პროცესს სამწუხაროდ პოზიტიურად ვერ შევაფასებ, მაგრამ უნდა მივყვეთ ამ მოვლენებს ისე, რომ მივიყვანოთ ცვლილებებამდე ეს არჩევნები, რომ არჩევნების შემდეგ მოხდეს სახელისუფლებო ცვლილება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო. კანონპროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 2020 წლის არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება.











