საქართველოს მდიდარი ლიტერატურული ტრადიციები ასობით წელს ითვლის და წინ უსწრებს ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
კელი დეგნანის თქმით, აშშ მზადა, ხელი შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ საგანმანათლებლო სამყაროში.
„ძალიან ვამაყობ იმით, რომ აშშ-მა რამდენიმე პროექტი განახორციელა ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს უნიკალური, უძველესი ლიტერატურული ისტორიის დაცვისა და შენარჩუნების მიზნით. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ძალისხმევას 300-ზე მეტი ისტორიული ხელნაწერის გაციფრულებაში, რომლებიც XI-XVI საუკუნეებით თარიღდება. ასევე დავეხმარეთ ეროვნულ მუზეუმს 8 ისტორიული ხელნაწერის შენარჩუნების დაცვის საქმეში და ეს ხელნაწერები სვანეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება. ეს ხელნაწერები მეტყველებს საქართველოს ხანგრძლივ ისტორიაზე, რომლის კულტურული და ლიტერატურული ტრადიციები ევროპულთან იყო ინტეგრირებული. აშშ მზად არის, ხელი შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ საგანმანათლებლო სამყაროში და უკვე 10 წელზე მეტია, აშშ პარტნიორობას უწევს ქართულ გამომცემლებს და აკადემიურ ინსტიტუტებს წიგნების ქართულად თარგმნისა და გამოცემის საქმეში. ჩვენი პროგრამის მეშვეობით დაახლოებით 150 წიგნი ითარგმნა, მათ შორის ისეთი სახელგანთქმული ამერიკელი ავტორებისა, როგორებიც არიან ჯონ სტეინბეკი, მაია ანჯელუ, ტრუმენ კაპოტე, გერტრუდ სტაინი, კურტ ვონეგუტი და ბევრი სხვა. ბოლო პერიოდში ასევე დავიწყეთ ცნობილი საბავშვო წიგნების თარგმნა. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი თარგმანების 1/3 წარმოადგენს აკადემიურ ნაშრომებს, რომლებსაც ასწავლიან საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში, და ეს წიგნები ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობის წვდომას კრიტიკულად მნიშვნელოვან თემებზე – ხელოვნებით დაწყებული, ეკონომიკით დამთავრებული“, – განაცხადა ელჩმა.











