„თავდასხმები ჟურნალისტზე ნებისმიერ დროს სრულიად დაუშვებელია და ძალიან სამწუხაროა, როცა ვხედავთ რომ ეს ხდება საქართველოში“,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა.
კელი დეგნანი ამბობს, აშშ აგრძელებს მედიის თავისუფლების აქტიურ მხარდაჭერას საქართველოში.
შეერთებული შტატები უკვე ბევრი წელია საქართველოში მედიის თავისუფლების ძლიერი მხარდამჭერია. ჩვენ ორ მილიონზე მეტი გვაქვს გამოყოფილი მედიის თავისუფლების მხარდაჭერის, მედია-განათლების, გაცვლითი პროგრამებისთვის. და ეს ყველაფერი საიმისოდ, რომ შევქმნათ ძლიერი პროფესიული მედია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის.
დღეს ვხედავთ თუ რამხელა გამბედაობას მოითხოვს ჟურნალისტობა მთელს მსოფლიოში, მათ შორის აქაც – საქართველოში: როგორც ვახოს, სხვებსაც თავს ესხმიან და ემუქრებიან. ეს დაუშვებელია და სახიფათოა დემოკრატიის სტაბილურობისთვის. შეერთებული შტატები აგრძელებს მედიის თავისუფლების ძლიერ მხარდაჭერას.
მოხარული ვარ, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ჟურნალისტების დაცვის მექანიზმებს, რომ მათ დაიცვან საკუთარი წყაროები, რადგან ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მიიღოს სწორი ინფორმაცია და უზრუნველყოს მთავრობის ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ.
ეს არის საკვანძო პრინციპი მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიის, რათა ჟურნალისტებს შეეძლოთ პასუხისმგებლიანად საკუთარი საქმის გაკეთება დაშინებისა და ძალადობის მუქარის გარეშე”, – განაცხადა ამერიკის ელჩმა.
ცნობისთვის, დღეს კელი დეგნანი ტელეკომპანია „ფორმულაში“ იმყოფებოდა.











