„რომ არა „ქართული ოცნების“ გუნდი, ეს ცვლილებები ვერ განხორციელდებოდა“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კენჭისყრამ ოპოზიციის რეალური სახე კიდევ ერთხელ დაგვანახა.
„პარლამენტის იმ წევრებთან ერთად, ვინც ამ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს, ჩვენ შევძელით, ერთობლივად ცვლილებების ასახვა. ის, რომ დანაშაულებრივი ორგანიზაციის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს, კიდევ ერთხელ გააშიშვლა მათი რეალური სახე, რომ ისინი ანტიდასავლური ჯგუფები არიან.
რეალურად, სააკაშვილი-ბოკერია-რურუას ტრიადამ მათი მხილება კიდევ ერთხელ მოახდინა. ისინი არ არიან ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და გრძელვადიანი განვითარების მომხრენი. ერთია, რომ თავი მოიჭრეს საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, გავიდნენ რა ამ შეთანხმებიდან, მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება არ სურთ. ეს არის ფაქტი. თუმცა „ქართული ოცნების“ გუნდმა პარლამენტის სხვა წევრებთან ერთად შევძელით, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ცვლილება განგვეხორციელებინა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
დღეს საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცეს. კენჭისყრას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არ ესწრებოდნენ.











