პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კვლავ ისნის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. როგორც ჭიჭინაძემ „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, ის პარტიის სიის პირველი ნომერიც იქნება.
„როგორც პარტიის დამფუძნებელი და ლიდერი, მთელი საქართველოს მასშტაბით სიის პირველი ნომერი ვიქნები. კენჭს ვიყრი ისანში მაჟორიტარად.
მატყუარები არ იქნებიან ჩემს პარტიაში, რომლებიც ყოველ დღე არიან ეთერებში გამოჭიმულები და ხალხს ატყუებენ. თავისი პრინციპები არ გააჩნიათ. ხან ერთ მხარეს არიან, ხან მეორე მხარეს და მორალთან ძალიან დაშორებულები არიან.
რა თქმა უნდა, ჩემს პარტიაში ასეთი ცნობადი სახეები არ იქნებიან, მაგრამ ადამიანები, რომლებსაც ღირსება და გამოცდილება გააჩნიათ, საკმაოდ ბევრი იქნებიან. ზოგიერთ ადამიანთან, თუ მოხვდებიან პარლამენტში, ვაპირებ თანამშრომლობას გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.
კითხვაზე, რამდენად მაღალია ისნის მაჟორიტარულ ოლქში მისი გამარჯვების შანსი, ჭიჭინაძე გვპასუხობს:
„თუ ვინმეს აქვს გამარჯვების შანსი, მე მაქვს. დანარჩენების შანსების რა გითხრათ. ისინი არ იცნობენ და კავშირი არა აქვთ იმ რაიონთან, სადაც კენჭს ვიყრი.
მე იქ გაზრდილი ვარ. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ჩემს რაიონში ცხოვრობს, აქვს ჩემთან წვდომა. ამ ოთხი წლის განმავლობაში არ მგონია, რომ მათთვის ცუდი დეპუტატი ვყოფილიყავი, ამას „ოცნების“ წარმომადგენლებიც კი აღიარებენ. როდესაც მაგალითად მოჰყავთ კარტი მაჟორიტარი დეპუტატი, პირველ რიგში, ჭიჭინაძეს ასახელებენ“,- განაცხადა მან.
ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარლამენტი 30 მაჟორიტარით და 120 პროპორციულ სიაში შესული დეპუტატით დაკომპლექტდება.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











